ფრანსუაზ საგანი

ფრანსუაზ საგანი – Françoise Sagan

ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წლის 21 ივნისს პარიზში.ფრანსუაზ საგანი მისი ფსევდონიმია.ნამდვილი სახელია ფრანსუაზა კუარეზიე.

მამა მდიდარი მეწარმე იყო, დედა – დიასახლისი. ოჯახში საკმაო კომფორტი და ბურჟუაზიული სიმყუდროვე სუფევდა. მამა მუდამ დაკავებული იყო და შვილისთვის იშვიათად იცლიდა, ხოლო დედა გამუდმებით წუხდა: საბრალო გოგონა, პატარა კიკი, ღმერთმა მისთვის სილამაზე რად არ გამოიმეტა? ნუთუ მთელი ცხოვრება ასეთი უშნო იქნება და ბედნიერება არ ეღირსება?.. მშობლები ხშირად ეჭვობენ და უძლურნი არიან განსაზღვრონ შვილების მომავალი. ხოლო ამასობაში კიკი (ფრანსუაზა) თანდათან იზრდებოდა და თავის მოწოდებას ეძებდა. განსაკუთრებით მუსიკა იტაცებდა. უფროს ძმა ჟაკთან ერთად ხშირად იკეტებოდა ერთ-ერთ ოთახში და აღტაცებული უსმენდა მოცარტს, ბრამსს, რაველს… მუსიკა მგრძნობელობას აღვივებდა და იდუმალი სამყაროს შეგრძნებაში ეხმარებოდა.

და-ძმას თანატოლების შეკრებაც უყვარდა, ოღონდ მხოლოდ მათი, ვისაც მუსიკა და პოეზია ესმოდა. მათ კომპანიაში განსაკუთრებით ფასობდნენ მარსელ პრუსტი და არტურ რემბო.

ჟაკსაც და ფრანსუაზასაც რემბოსეული ამბოხება ეწადათ. სძაგდათ ბურჟუაზიული ფასეულობები, ფარისევლობა, პირმოთნეობა, კომფორტი და ფუფუნება. მაგრამ ჯერ 50-იანი წლების დასაწყისი იყო, შედარებით წყნარი და დალაგებული დრო, ჯერ არ დამდგარიყო სტუდენტური მღელვარების ხანა, როცა პარიზი და საფრანგეთი შეარყიეს ლოზუნგებმა: “არც ღმერთი, არც ბატონი!”, “იყავით რეალისტები, მოითხოვეთ შეუძლებელი!”, “იკრძალება აკრძალვა!” და სხვა. თუმცა ერთი შემდეგდროინდელი ლოზუნგი “ჩემი სურვილები – ესაა რეალობა” ფრანსუაზამ ინტუიტურად საკუთარ თავს მიუსადაგა. მას არ აინტერესებდა სწავლა, არ ემორჩილებოდა დადგენილ წესებს. ხშირად ეუფლებოდა მოწყენილობა და სევდის გასაქარვებლად მიმართავდა ლიტერატურას, მუსიკას, შოტლანდიურ ვისკის და სიგარეტს. დიახ, ის ადრევე მიეჩვია წევასაც და სპირტიან სასმელებსაც.

კოლეჯის შემდეგ იყო სორბონა, ფილოლოგიის ფაკულტეტი. მას იმდენად ლექციები არ ხიბლავდა, რამდენადაც სტუდენტებთან ურთიერთობა, მათი აღსარება სიყვარულსა და ტანჯვაზე. სორბონაში ფრანსუაზამ თავი იმით გამოიჩინა, რომ ერთხელაც მოლიერის თაბაშირის ბიუსტს თოკი შემოახვია და რიტუალური ჩამოხრჩობა განახორციელა. რით იყო ეს ნაკარნახევი – მოწყენილობისგან? პროტესტის ნიშნად? – ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ თვითონ მოლიერი არაფერ შუაში იყო, თუმცა ფრანგული თეატრის მეტრის ერთი გამონათქვამი “ყველა მარადიული გრძნობიდან სიყვარული ყველაზე ხანმოკლეა”, მას განსაკუთრებით არ მოსწონდა. ახალგაზრდობაში ყველას უნდა, რომ სიყვარული მარადიული იყოს.

მარადიული სიყვარულის უქონლობამ ფრანსუაზა ღამეული პარიზის ცდუნებებს მიაჩვია, რაც სწავლაში უშლიდა ხელს და იგი უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

ფრანსუაზა იგონებს: “მამა ცდილობდა ხელახლა ჩამებარებინა გამოცდა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ საბუთები გამოიტანა. თავიდან ვღრიალებდი, შემდეგ დავჯექი და პირველი რომანის წერას შევუდექი”.

ნახტომი ლიტერატურაში

რომანის დაწერის გადაწყვეტილება სპონტანური იყო. თხზვის, შემოქმედების ვნება დიდხანს მწიფდებოდა და 19 წლისას საბოლოოდ დაეუფლა. ახალგაზრდა ფრანსუაზა კი არ შევიდა, პირდაპირ შეიჭრა ლიტერატურაში.

რომანი “სალამი, სევდა!” რამდენიმე დღეში დაიწერა და ხელნაწერი ერთ-ერთ ცნობილ პარიზელ გამომცემელს რენე ჟილიარს გაეგზავნა. რომანს ხელს აწერდა საგანი, – მარსელ პრუსტის ერთ-ერთი პერსონაჟის საპატივსაცემოდ. პირველი რომანის შემდეგ ფრანსუაზა კუარეზმა არსებობა შეწყვიტა და ქვეყანას მოევლინა სხვა ქალი – მწერალი ფრანსუაზა საგანი.

რას მოგვითხრობდა პირველ რომანში? მთვარი გმირი – ახალგაზრდა სესილი, სიცოცხლისმოყვარული და მგრძნობიარე ქალიშვილი ხორციელ სიამოვნებას ეძიებს შეყვარებულთა ხვევნა-კოცნაში. თავიდან კი ასე დაიწყო: “…ის მაშინვე მომეხვია და მიმიზიდა. შეცბუნებულმა გავიფიქრე: “ასეც უნდა მომხდარიყო”. და დაიწყო სიყვარულის მარულა – შიში, სურვილი, სინაზე, გაშმაგება… ბოლოს მწვავე ტკივილი და მასთან ერთად ყოვლისმომცველი სიტკბოება…”

რომანის სიახლე ის იყო, რომ სასიყვარულო ურთიერთობები არაფრით იყო დამძიმებული, გარდა თვითონ სიყვარულისა. საგანი ლაღად და თავისუფლად აღწერდა, როგორ უყვარდათ და შემდეგ როგორ შორდებოდნენ ერთმანეთს ყოველგვარი ძალდატანებისა და ვალდებულების გარეშე. სექსი, როგორც დაკმაყოფილება და მეტი არაფერი. თვით უბორკილო ფრანგებისთვისაც ეს მეტისმეტი იყო და ფრანსუა მორიაკმა მაშინვე უწოდა საგანს “მომხიბვლელი პატარა მხეცი”.

ასე იყო თუ ისე, რომანს გასაცვიფრებელი წარმატება ხვდა წილად. ის ათეულობით ქვეყანაში მილიონობით ტირაჟით გამოიცა. ამ ფენომენალურ გამარჯვებას ავტორი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ასე ხსნიდა: “პირველი წიგნით გამოწვეული შოკი შეიძლება აიხსნას მისი გულახდილობით, რაც ცინიზმსა და უხამსობაში არ გადასულა. ყველაფერს თავისი სახელი ერქვა: სურვილს, გრძნობას, გემოვნებას, მოთხოვნილებას. საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო ამისთვის მზად, ის მიაჩვიეს პირმოთნეობას, ტყუილს, დამალვას, მიჩუმათებას. ეს მასკარადი ყველას ყელში ჰქონდა ამოსული და უნდა გამოჩენილიყო ვიღაც, ვინც ყოველივე ამას ჯვარს დაუსვამდა. ღმერთმა ამისთვის მე ამირჩია…”

ღმერთმა 19 წლის გამოუცდელი გოგონა აირჩია და ამან საგონებელში ჩააგდო გამომცემელი. რენე ჟილიარმა გაკვირვებისგან ხელები გაშალა: “ნუთუ ახალი ჟორჟ სანდია?!” და სასწრაფოდ მისი გაცნობა გადაწყვიტა. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა გამოცდილი და ზრდასრული ქალბატონის ნაცვლად იხილა ცხვირწაწვეტებული გამხდარი გოგონა, დიდი და სევდიანი თვალებით.

– ეს თქვენ დაწერეთ? – შეეკითხა ჟილიარი.

– დიახ, – მშვიდად მიუგო საგანმა.

– თქვენ ეს ყველაფერი გამოსცადეთ? – ჩაეკითხა გამომცემელი.

– არა, გამოვიგონე.

– პროტოტიპები გყავდათ?

– არა.

– სესილი თქვენ არ ხართ და გმირის მამაც თქვენსას არ ჰგავს?

– საბედნიეროდ, არა.

ჟილიარმა მხრები აიჩეჩა. ბოლოს და ბოლოს, ტყუილ-მართლის ძიება რა მისი საქმეა, ალღო კარნახობს, რომ ნაწარმოები წარმატებას მოიპოვებს. და არც შემცდარა. “სალამი, სევდა!” ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად იქცა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში. 19 წლის ფრანსუაზა საგანმა სახელი და დიდება მოიხვეჭა, დაიწყო “საგანომანია”.

ერთ-ერთ ინტერვიუში საგანი ამბობდა: “თავიდან პრესა მტრულად და უნდობლად იყო განწყობილი. გაზეთები დიდხანს ამტკიცებდნენ, თითქოს რომანი მე კი არა, მამაჩემს დაეწეროს. ისეთ რამეებს მაბრალებდნენ, იძულებული ვიყავი ჟურნალისტებისთვის თავი ამერიდებინა. მამა ძალიან განიცდიდა ამ მითქმა-მოთქმას, ამიტომ ერთხელაც გავბრაზდი და დავწერე ახალი რომანი “პირქუში ღიმილი”, რითაც ჭორებსა და ჟურნალისტების გამოწვევას ბოლო მოვუღე”.

ფრანსუაზამ პირველ რომანში წარმოუდგენელი თანხა მიიღო – მილიონნახევარი ფრანკი. მან არ იცოდა, რა უნდა ექნა ამდენი ფულისთვის და რჩევისათვის მამას მიმართა. “სასწრაფოდ დახარჯე!” – ურჩია გამოცდილმა პიერ კუარეზმა. და საგანმაც დაიწყო ხარჯვა, იყიდა ძვირფასი ქურქი, ბოლო მარკის წითელი “იაგუარი”, ვილა ლაჟვარდოვან სანაპიროზე და იახტა. ერთი სიტყვით, ყველაფერი იყო ბედნიერი ყოფისათვის, მაგრამ ბედნიერება მილიონებით არ იზომება, ის სულიერი კატეგორიაა და არა მატერიალური. თუმცა პირადი ცხოვრების შესახებ შემდგომ გვექნება საუბარი, ამჯერად დავუბრუნდეთ ლიტერატურას.

მეორე რომანი “პირქუში ღიმილი” 1956 წელს გამოვიდა.

ამას მოჰყვა წიგნები: “ერთ თვეში, ერთ წელიწადში” (1957), “გიყვართ ბრამსი?” (1959), “საოცარი ღრუბლები” (1961), “კაპიტულაციის სიგნალი” (1965), “ცოტა მზე ცივ წყალში” (1969) და სხვ. 90-იანი წლების დასაწყისში საგანს გამოცემული ჰქონდა 22 რომანი, მოთხრობების ორი კრებული, 7 პიესა და ნარკვევების ორი წიგნი. არაჩვეულებრივი ნაყოფიერებაა!..

სიმღერები? სხვათაშორის მათ ასრულებდა შესანიშნავი მომღერალი ჟულიეტ გრეკო. კინო? საგანის თითქმის ყველა რომანი ეკრანიზებულია. როლებს ასრულებდნენ ისეთი აღიარებული მსახიობები, როგორიც იყვნენ დანიელ დარიე, ჟან ლუი ტრენტინიანი, ინგრიდ ბერგმანი, მონიკა ვიტი, ივ მონტანი, მიშელ პიკოლი, ენტონი პარკინსი.

მაგრამ კინო ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. მთავარია წიგნები. ზედიზედ რომ წერდა და აქვეყნებდა, ფრანსუაზა მათთან ერთად იზრდებოდა. მან გამოიმუშავა ნათელი, გამჭვირვალე სტილი, დამაჯერებელი ხელწერა და განსაკუთრებული ინტონაცია, ფსიქოლოგიური პორტრეტის სიზუსტე და ეკონომიურობა. საგანს ახასიათებს სტილის წმინდა ფრანგული სინატიფე: სიტყვა ლაპიდარულია, აფორისტული და მოხდენილი. ვერცერთ მის რომანზე ვერ იტყვი, რომ “აგურია”, ვაზას ან ქანდაკებას უფრო შეადარებ. ამ რომანების კითხვისას აბრეშუმის სინაზე იგრძნობა, ტექსტი თითქოს მიცურავს და მილივლივებს. თუმცა ეს სიმსუბუქე მოჩვენებითია, რასაც ადასტურებს მწერლის ერთი აღიარება: “მწერალი – უბედური ცხოველია, რომელიც წერის დროს გალიაშია გამოკეტილი… ეს ძალზე დამთრგუნველია. მაგრამ არის ღვთაებრივი მომენტებიც, როცა თავს გრძნობ სიტყვების მეუფედ. ეს არაჩვეულებრივი განცდაა, თითქოს სამოთხეში მოხვდი”.

ბევრი კრიტიკოსი აღფრთოვანებულია ფრანსუაზა საგანის შემოქმედებით და მას ფრანგული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად მიიჩნევს. თუმცა, არიან მოწინააღმდეგენიც, რომლებიც მწერალს უწუნებენ სუსტ სოციალურ ფონს, საზოგადოებრივი ყოფის წარმოჩენის ნაკლებობას. ისინი ამტკიცებენ, რომ საგანის წიგნები ესაა ლირიზმის, ეგოიზმის და ცინიზმის “სვეტური” კოქტეილი, რომ მის გმირებს არ გააჩნიათ ნათელი იდეალები და მიზნები. ფრანსუაზას არასდროს დაუცავს თავი ამგვარი ბრალდებისგან და ყოველთვის მოკრძალებულად საუბრობდა თავის ადგილზე ლიტერატურაში: “მარსელ პრუსტი – გენიოსია, მე მხოლოდ ტალანტი ვარ, ცოტა უფრო დიდი, ვიდრე ჩვეულებრივ ჰგონიათ.. მე ვწერ ინსტიქტურად, როგორც ვცხოვრობ და ვსუნთქავ. არ ვესწრაფვი ლიტერატურულ სითამამეს და სიახლეს. მუშაობას ღამ-ღამობით ვარჩევ, 12-დან დილის 6-მდე, როცა ხელს არავინ მიშლის”.

ერთ-ერთ ინტერვიუში მას ჰკითხეს:

– განგიცდიათ თუ არა შიში, რომ აღარ შეგიძლიათ წეროთ?

მან უპასუხა:

– ასეთი რამ ხდება ყოველთვის, როცა ახალ წიგნზე მუშაობას ვიწყებ. საერთოდ, წიგნები იქმნება ოცნებებიდან და რეალობიდან. როცა ეს მოდის, ვიწყებ წერას და ვეღარაფერი მაჩერებს.

– გვითხარით, ძნელია ცოცხალი კლასიკოსობა?

– არ ვიცი, არა ვარ დარწმუნებული, რომ კლასიკოსი ვარ, – მიუგო საგანმა. წიგნების ფინანსური წარმატება, სულაც არ არის ავტორის ტალანტის მაჩვენებელი. თუ ლიტერატორი ფულს აყენებს პირველ ადგილზე, მისგან მწერალი არ დადგება.

ინტერვიუ – საინტერესო ჟანრია. უმეტესად ბანალური კითხვები და არანაკლებ ბანალური პასუხები. თუმცა ზოგჯერ ინტერვიუერი ნიღაბს იხსნის და ნამდვილ სახეს გვაჩვენებს. ერთხელაც საგანი გულწრფელად გამოტყდა:

– მე უამრავ სისულელეს ჩავდივარ – ვსვამ, ვსეირნობ, სწრაფად დავქრივარ. ვაღმერთებ უსაქმურობას, ვკოტრიალობ საწოლში და ვუცქერი ღრუბლებს, როგორც იტყოდა ბოდლერი. ვკითხულობ დეტექტივებს და ვხვდები მეგობრებს, მაგრამ სწორედ ამ სიზარმაცესა და ტკბილ უსაქმურობაში იბადებიან ახალი ნაწარმოებები.

პირადი ცხოვრება

ასეთი აღიარების შემდეგ ადვილია ლიტერატურიდან პირად ცხოვრებაზე გადასვლა, რამდენადაც საგანი – არამარტო წიგნებია, არამედ ცხოვრებისეული ლეგენდაც. ეს ლეგენდა მაშინ შეიქმნა, როცა ფრანსუაზა ახალგაზრდა და ცოტა თავქარიანი იყო. მოგვიანებით ის ცდილობს გაემიჯნოს იმას, რასაც პრესაში წერდნენ: “მე წარმომაჩენენ ხან როგორც სევდიანს, ხან როგორც მსუბუქსა და ცოტა ქარაფშუტასაც… ზოგჯერ ისეთ თავგადასავლებს მომაწერენ, რაც სინამდვილეში არ ყოფილა. ჩემი ცხოვრება გაცილებით მარტივია და მოწყენილი, ვიდრე ჩემი ლეგენდა. ჩემი ნამდვილი ვნებანი? ლიტერატურა და რეგბი”.

ეშმაკობდა ფრანსუაზა საგანი, ეშმაკობდა. ლიტერატურა – გასაგებია, მაგრამ ეს რეგბი რაღაა?

დავიწყოთ კაცებით. პირველი ბიჭები არ ითვლება. პირველი ნამდვილი მამაკაცი და, ამასთან, საყვარელიც იყო ფოტოგრაფი ფილიპ შარპენტიე. 1955 წლის გაზაფხულზე გამომცემელს ჟილიარმა სარეკლამო ტურნესთვის ისინი ამერიკაში გაამგზავრა. შორეულ ქვეყანაში მოხვედრილი ორი ფრანგი, შეუძლებელი იყო, ერთმანეთს არ დაახლოვებოდა. სხვანაირად როგორ გაიყვანდი საღამოებს ქალაქებში, სადაც ასე თრგუნავს ფსიქიკას მოელვარე ცათამბჯენები?

ფრანსუაზასთვის ფილიპი ოცნების მამაკაცი გახდა, ხოლო ფილიპისთვის საგანი მხოლოდ “და სხვ.”

ხალხში გავრცელებულია გამოთქმა: მოიმწვანილა და მიატოვა. ასე მოექცა საგანს ფილიპ შარპანტიე, ლამაზი, ჭკვიანი და ცინიკოსი დონჟუანი. 20 წლის ფრანსუაზასთვის ეს იყო დამანოკაუტირებელი დარტყმა. გონზე მოსასვლელად და ტკივილის გასაქარვებლად მან ცნობილ წამალს მიმართა: ალკოჰოლს. პირველმა სამკურნალო საშუალებამ მეორე მოიტანა – სექსი. მან საქმე დაიჭირა შემთხვევით კლიენტებთან, ვისთვისაც არც ფული ენანებოდა და არც საჩუქრები.

ხშირად ხდება ასე, გინდ ერთი ყოფილა და გინდ ათასი. ნამდვილი სიყვარულიდან ფრანსუაზა შემთხვევით სასიყვარულო კავშირებზე გადავიდა. ეს გზა მას კატასტროფას უქადდა, მაგრამ საქმეში ჩაერია შემთხვევა თუ ბედისწერა. ის მძიმე ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მწერალი, რომ იტყვიან, ნაწილ-ნაწილ ააწყვეს. ის სულ 22 წლის იყო, თითქოს ცხოვრება გათავდა, მაგრამ ექიმებმა იმარჯვეს.

ფრანსუაზა საგანის ტრაგედიას უმალ გამოეხმაურა 40 წლის ბიზნესმენი და დიდი გამომცემლობის მფლობელი გი შელერი. ის მივიდა საავადმყოფოში, შეიჭრა პალატაში, სადაც მთლიანად დაბინტული ფრანსუაზა იწვა და ზღურბლიდან შესძახა: “მე გაძლევ წინადადებას, ეს ერთადერთი გზაა, მსგავსი სისულელე კიდევ რომ არ ჩაიდინო”.

ფრანსუაზამ ოდნავ გაიღიმა და წაიჩურჩულა:

– რა მოწყალებაა…

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც დიდი ხნის შემდეგ გამოსცა, საგანი ყოფილ ქმარზე გი შელერზე წერდა: “მას ჰქონდა ჩემი ადრეული წიგნების მოწიფული პერსონაჟების შარმი”. და შემდეგ: “ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი, მაგრამ აუტანელი ქმარი”. იქნებ თვითონ იყო აუტანელი ცოლი?

ქმარს საგანმა უძღვნა რამდენიმე რომანი, მათ შორის “გიყვართ ბრამსი?” და “ერთ თვეში, ერთ წელიწადში”. დაქორწინების შემდეგ გაცხადდა, რომ ისინი ცხოვრების წესით, გონებით, მსოფლმხედველობით სულ სხვადასხვა ადამიანები იყვნენ, რასაც არ შეიძლება მომაკვდინებლად არ ემოქმედა მათ ურთიერთობაზე. ერთ მშვენიერ დღესაც ისინი ერთმანეთს დასცილდნენ, ოღონდ ყოველგვარი დრამისა და ცრემლის გარეშე. ამასთან, მთელი ცხოვრება მეგობრებად დარჩნენ.

მოგვიანებით ფრანსუაზა საგანი მეორედ გათხოვდა – ამჯერად ამერიკელ მხატვარ რობერტ უესტჰოფზე. 1962 წლის ივნისში დაიბადა საგანის ერთადერთი შვილი – დენი. მაგრამ ბიჭის გაჩენამ ხელი ვერ შეუწყო ოჯახის სიმტკიცეს. თავისუფლებისმოყვარე საგანისთვის ქორწინება ბორკილები იყო, ხოლო ცოლქმრული სავალდებულო სექსი – საშინელება. გარდა ამისა, ოჯახი ხელს უშლიდა ლიტერატურულ საქმიანობაში და გართობაში. ერთი სიტყვით, ბობის დაემშვიდობა და გაეყარა, რათა ისევ თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრებით ეცხოვრა.

მოგვიანებით მწერალი იხსენებდა: “ადრე სამი ჭიქა ვისკის შემდეგ ყველა მამაკაცი მიმზიდველი მეჩვენებოდა. ეს იყო ალკოჰოლის შარმი. შედიხარ ღამის კლუბში არტურთან, გამოდიხარ პოლთან ერთად. კლუბში ბარის გვერდით ფარული კარი იყო, სადაც შეიძლებოდა სახელდახელო სექსით გართობა. მეორე მხრივ, ალკოჰოლი წერაში მეხმარებოდა და საკუთარ ძალებში მარწმუნებდა. დღეს სხვა სტიმულატორებით ვსარგებლობ, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ნაკლებ საზიანოა. არ მეგულება თავისი დროის არცერთი მწერალი, რომელსაც არასდროს არაფერი მიეღოს”.

ფრანსუაზ საგანი თბილისშიც იყო ჩამოსული და ფარაჯანოვს სტუმორბდა.

“სჯობს დიდმა მიზეზმა გაგაუბედუროს,ვიდრე პატარამ გაგაბედნიეროს”

“რა უაზროა არსებობა და მაინც რა ჯიუტად ვცდილობთ ადამიანები მის გახანგრძლივებას”

2004 წლის 24 სექტემბერს საფრანგეთში ყველა ტელევიზიამ ეთერი შეწყვიტა,რომ საზოგადოებისთვის ეუწყებინათ,69 წლის ასაკში ფილტვების ემბოოლიით გარდაცვლილი ფრანსუაზ საგანის შესახებ.

ფრანსუაზ საგანი ლიტერატურაში დარჩა როგორც ყველაზე მეამბოხე,თამამი,ნოვატორი მწერალი ქალი.მიუხედავად ზეამორალური ცხოვრების წესისა (მან თითქმის ყველა აკრძალული ხილი გასინჯა) ფრანსუაზ საგანმა,როგორც მწერალმა მთელი ეპოქა შექმნა ლიტერატურაში.

Advertisements

5 thoughts on “ფრანსუაზ საგანი

  1. gmadlob,rom kidev ertxel gamaxsene chemtvis sayvareli mwerali,misi mxolod “salami sevda” maqvs wakiTxuli,romelmac chemze warushleli shtanechdileba datova,didi xnis win (saunje),romeligac yoveltviur jurnalshi maqvs wakitxuli,mere vigacas vatxove,rogorc saertod mchveoda,rac momwonda yoveltvis mindoda sxvasac waekitxa da ase vkargavdi yvelafers chemtvis mnishvnelovans….

    • ძალიან მოხარული ვარ,რომ მოგეწონა ჩემი პოსტი.ფრანსუაზ საგანმა ჩემზეც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.პირველად მეც “სალამი სევდა” წავიკითხე.იმდენად მომეწონა ყველგან ფრანსუაზ საგანის ძებნა დავიწყე და მოგვიანებით მისი კიდევ ორი რომანი “მზის ნამსხვრევი ცივ წყალში” და “გიყვართ ბრამსი” ვიპოვე.დიდი მადლობა გამოხმაურებისთის.შენ პირველი ხარ.

  2. “სალამი, სევდავ” რომ წავიკითხე მეც ყველგან ფრანსუაზს ვეძებდი :)) მანამდე იყო “მზის ნამცვარევი ცივ წყალში”, “უცნაური ღიმი”, “გაყრა რომაულად” .. ახლაც ყველგან დავეძებ, ჩემთვის ქალი ლეგენდაა. ასე სასიამუვნოდ, მსუბუქად კითხულობ და ბოლოს გრჩება სევდა.. თან კითხვის დროს სულ ელი რაღაც მნიშვნელოვანის, მოულოდნელის მოხდენას და ფინალი ისეთი ჩვეულებრივია… მოკლედ ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ყოველთვის :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s