სალვადორ დალი, ანუ გენიის ამბოხი

სალვადორ დალი, “ჩემსა და ყველა დანარჩენზე”

სალვადორ დალი XX საუკუნის ხელოვნების მითი და რეალობაა. მისი სახელი სიცოცხლეშივე მსოფლიო დიდების შარავანდედით იყო მოსილი. პაბლო პიკასოს გარდა ალბათ ვერავინ შეედრებოდა პოპულარობაში. უსაზღვრო ფანტაზიითა და ვირტუოზული ტექნიკით აღბეჭდილი მისი ნახატები ფანტასმაგორიებს წარმოადგენენ. აბსურდულობამდე მისული ექსტრავაგანტურობით, არამოტივირებული ქცევით, პატივმოყვარეობით ქმნიდა ნიადაგს საკუთარი პერსონის მითად გადასაქცევად. დალიმ თავისი შემოქმედების პრინციპები საკუთარ ცხოვრებაზეც გადაიტანა, ის სიცოცხლის ბოლომდე ანცვიფრებდა საზოგადოებას ექსტრავაგანტური საქციელითა და გამონათქვამებით.

ჩვენ გვსმენია იმის შესახებ, რომ თავისსავე პატივსაცემად მოწყობილ მეჯლისზე დალი დამპალი ქაშაყით დამშვენებული ქუდით გამოცხადდა; ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ერთი დღე-ღამით იქირავა და შიგ თხის არვე შერეკა; ზღვის ვარსკვლავი საღებავში ამოავლო და საჯაროდ დასვა სახატავ ტილოზე, რითაც ირწმუნებოდა, რომ შეკრებილი საზოგადოება შედევრის დაბადებას ესწრებოდა. ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ აუდიენციის შესახებ, რომელიც დალიმ არამ ხაჩატურიანს მოუწყო, როდესაც სამოცდაათი წლის მხატვარმა დედიშობილად შეასრულა კომპოზიტორის ცნობილი “ცეკვა ხმლებით”.

დალის სიხარბე, ასევე ლეოპარდის ბეწვის ქურქები, წითელი ჩაჩი, ნალოლიავები ულვაში, ზღვის ზღარბები საუზმედ და ლალებითა და ბრილიანტებით მოჭედილი მფეთქავი მექანიკური გული, რაც დალიმ მეუღლეს აჩუქა, დღემდე განსჯის საგანია, ასე რომ, ალბათ მართებულია მცირე ბიოგრაფიული ექსკურსი, მით უფრო, რომ მხატვრის გამოძერწილი და ჟურნალისტების მიერ აფიშირებული ნიღაბი მაინცდამაინც არ წააგავდა მის ნამდვილ სახეს.

 

და, მამა და მეგობრები გვიამბობენ, რომ დალი ბავშვობიდანვე დაბნეული და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო. მან ფულის ყადრი ვერც სიღატაკეში ისწავლა, რომელიც საკმაოდ გამოსცადა, და ვერც სიმდიდრეში. “წარმოდგენა არა მაქვს, ღარიბი ვარ თუ მდიდარი, – ამბობდა დალი. – ყველაფერს ჩემი ცოლი განაგებს. ჩემთვის ფული – მისტიკაა”. მართლაც, მისი სიმდიდრე, მთელი მისი ფასდაუდებელი კოლექცია და სახლი ცოლს ეკუთვნოდა – მას, ვისაც იგი გალას უწოდებდა, ელენე დმიტრიევნა დიაკონოვას. და რომ არა ეს ქალი, ვინ იცის, იქნებ მამის წინასწარმეტყველებაც ახდენილიყო: “ჩემი ვაჟი, როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ღობის ქვეშ მოკვდება””.სიურრეალიზმი – ეს მე ვარ!” – მხოლოდ დალის ჰქონდა ამ სიტყვების თქმის სრული უფლება. და როგორც უნდა დავდოთ ბრალი განდიდების მანიაში, ეს სიტყვები მხოლოდ მორიგი ჭეშმარიტების კონსტატაციაა. მისი ყოფითი ჩვევებიც კი სიურრეალისტური ქმედება გახლდათ.

თავისივე აღიარებით, ის ოცნებობდა ზღვის სანაპირო კატალონიაში, თავისი რეზიდენციის ახლოს, ტროპიკული ქვეყნებიდან გამოწერილი უამრავი სპილოს თავის ქალით მოეფინა, ანუ რეალური სამყაროს ნაჭერი თავისი სიურრეალისტური ნახატებისთვის უნდოდა დაემსგავსებინა.
დალი ეხებოდა უკლებლივ ყველაფერს, რაც მისი დროის ადამიანისათვის არსებითი იყო. თავის მრავალმხრივ შემოქმედებაში მას გვერდი არ აუვლია ისეთი თემებისათვის, როგორებიცაა სექსუალური რევოლუცია და სამოქალაქო ომები, ატომური ბომბი და ნაციზმი, კათოლიკური რწმენა და მეცნიერება, კერძების მომზადებაც კი. და თითქმის ყველაფერ ამაზე ის წარმოუდგენელ, პრაქტიკულად ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის შემაცბუნებელ მოსაზრებებს გამოთქვამდა.

ის თავის ცხოვრებასაც ისევე უყოყმანოდ აგებდა სიურრეალისტურ მანერაზე, როგორც თავის ქმნილებებს. მან სიურრეალიზმის იდეები გაიზიარა და უკიდურესობამდე მიიყვანა. ოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა ესპანეთში ცხარე კამათი დაიწყო კულტურულ მემკვიდრეობასა და მასთან დამოკიდებულებაზე, დალი დემონსტრაციულად გამოვიდა მოთხოვნით მთლიანად გაენადგურებინათ ქალაქ ბარსელონის ისტორიული ცენტრი, რომელშიც შუა საუკუნეებისა და რენესანსის უამრავი ნაგებობა იყო მოქცეული. ამ ადგილზე სუპერთანამედროვე “მომავლის ქალაქის” აშენებას აპირებდნენ.

ტერმინ “სიურრეალიზმის” (ფრანგ. SURREALISME- “ზერეალიზმი”) მამამთავარი იყო ფრანგი პოეტი გიიომ აპოლინერი. 1922 წლიდან მწერლისა და ხელოვნების თეორეტიკოსის ანდრე ბრეტონის ირგვლივ ჯგუფდებიან თანამოაზრეები: მხატვრები – ჟან არპი, მაქს ერნსტი, ლიტერატორები და პოეტები – ლუი არაგონი, პოლ ელუარი, ფილიპ სუპო და სხვები. ისინი უბრალოდ ახალ სტილს როდი ქმნიდნენ ხელოვნებაში, მათ აშკარად გაცილებით მასშტაბური ჩანაფიქრები ჰქონდათ.

სიურრეალიზმის ფუძემდებელთა შეხედულებების ფორმირებაზე უდიდესი გავლენა იქონია ცნობილი ავსტრიელი ფსიქიატრის ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრებამ. ფროიდის თეორიის საფუძველია ფსიქოანალიზის კონცეფცია, რომლის თანახმად, ფსიქიკა ექვემდებარება განსაკუთრებულ, მუდმივ, შეუცნობად ირაციონალურ ძალებს, რომლებიც ცნობიერების ფარგლებს მიღმა იმყოფებიან. არაცნობიერი ფსიქიკის ფუნდამენტია, რაც გავლენას ახდენს ადამიანის რეალურ, შეგნებულ ცხოვრებაზე. მისი მტკიცებით, ხელოვნებასა და სიზმრებში არაცნობიერი სრულად იჩენს თავს და სწორედ მათში აშკარავდება ადამიანის “ბუნებრივი არსის” შემეცნების ჭეშმარიტი გზა.

ფროიდიზმი ნოყიერი ნიადაგი გამოდგა სიურრეალიზმის ესთეტიკისათვის. ითვლება, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ სწორედ სალვადორ დალი იყო ფროიდიზმის შეხედულებათა ლამის უმთავრესი გამტარებელი XX საუკუნის ხელოვნებაში. დალის აღიარებით, მისთვის ფროიდის იდეების სამყარო იმავეს ნიშნავდა, რასაც წმინდა წერილი შუა საუკუნეების მხატვრისათვის ან ანტიკური მითოლოგიის სამყარო-რენესანსისათვის. დალი ფროიდს თავის სულიერ მამად თვლიდა და არასოდეს გამოუვლენია მისადმი ურჩობა, ეჭვი არ შეუტანია მის არც ერთ სიტყვაში. დიდ ადამიანთაგან იგი უსიტყვოდ, უპირობოდ მხოლოდ ფროიდს ეთაყვანებოდა, ისევე, როგორც ნათესავთა და ახლობელთა შორის მხოლოდ “გალარინასთვის” არ უწყენინებია არასოდეს.

სალვადორ ხასინტე ფელიპე დალი დამენეჩ კუსი ფარესი, ანუ უბრალოდ სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს, კატალონიის პატარა ქალაქ ფიგერასში, ადვოკატის ოჯახში. მისი შემოქმედებითი უნარი ადრეულ ბავშვობაში გამომჟღავნდა, სახლში ყოველმხრივ ახალისებდნენ ხელოვნებით მის გატაცებას. ჩვიდმეტი წლის ასაკში იგი ჩაირიცხა მადრიდის სან-ფერნანდოს ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში, სადაც ბედმა შეახვედრა ფედერიკო გარსია ლორკასთან, ლუის ბუნუელთან, რაფაელ ალბერტისთან. შესანიშნავი პოეტი და მხატვარი ალბერტი ასე იგონებდა იმ წლებს: “მე ძლიერ მიყვარდა სალვადორ დალი. მის ღვთიურ ტალანტს საოცარი შრომისმოყვარეობა განამტკიცებდა”.
დალი არასოდეს ზოგავდა ფულს და სანამ ჰქონდა, ყოველთვის ყველას მაგივრად იხდიდა. მისი ასტრონომიული ხარჯების გაცნობისას მამამისს ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი შვილი ჰარამხანას ინახავდა და ყოველთვიური ხარჯები მინიმუმამდე შეუმცირა. ეს ეჭვები კი სრული აბსურდი იყო, რადგან “მისთვის არაფერი არსებობდა, ფერწერის გარდა”.

მადრიდის აკადემიაში დალიმ ოთხი წელი – 1921-დან 1925 წლამდე გაატარა, თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე “შესვენებას”, როდესაც 1924 წელს მცირე ხნით დააპატიმრეს სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისთვის. ამ პერიოდში მისი ნამუშევრები წარმატებით სარგებლობდა, რასაც მოწმობს ბარსელონის დალმაუს გალერეაში აკადემიის დამთავრების წელს მოწყობილი დალის პირველი პერსონალური გამოფენის შეფასებები.

1927 წელს მხატვარი პარიზში მიემგზავრება, სადაც ხვდება მსოფლიო ხელოვნების ახალ ვარსკვლავს პაბლო პიკასოს. ამ შეხვედრიდან მიღებული შთაბეჭდილებით დალი ქმნის თავის პირველ სიურრეალისტურ ნაწარმოებს “ხელის მშვენიერება”. პარიზი მაგნიტივით იზიდავს და იმავე წელს იგი მეორედ მიემგზავრება საფრანგეთის დედაქალაქში. დალი ეცნობა ანდრე ბრეტონსა და პოლ ელუარს, უახლოვდება პარიზელ სიურრეალისტთა წრეს. საფრანგეთში ყოფნის დროს მან მოასწრო ენახა მენ რეის მიერ შექმნილი პირველი სიურრეალისტური ფილმი, რამაც გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე კინემატოგრაფიაშიც მოესინჯა ძალა. ლუის ბუნუელთან ერთად იგი დგამს ორ უკვე კლასიკად ქცეულ სპექტაკლს – “ანდალუზიური ნაგაზი” (1929) და “ოქროს საუკუნე” (1930).

მხატვრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა მასთან ბრეტონის, ელუარისა და მისი მეუღლის გალას საპასუხო ვიზიტი 1928 წელს. მომდევნო წელი განსაკუთრებული გამოდგა მხატვრისთვის. 1929 წელს დალი ოფიციალურად შევიდა სიურრეალისტთა ახალი ბირთვის შემადგენლობაში. ამას მოჰყვა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა პარიზში. და ბოლოს, 1929 წლის ოქტომბერში დალი დაქორწინდა გალაზე (ელენე დმიტრიევნა დიაკონოვაზე). ოსტატის სიტყვებით, მის ცხოვრებაში გალას გამოჩენით ფერწერის ხელოვნებამ ახალი აზრი შეიძინა.

მხატვრის შემოქმედებაში უხვადაა მეუღლის პორტრეტები, იგი მისი უსაყვარლესი მოდელი იყო, მხატვრის მეორე “მე”-ს განსახიერება. გალა საოცარი არტისტიზმით გამოირჩეოდა. წარმოშობით რუსი, არისტოკრატი, ელენე დიაკონოვა თავიდან პოეტ პოლ ელუარის ცოლი გახლდათ, რომელმაც უწოდა კიდეც მას “გალა”, რაც ფრანგულ ენაზე წააგავს სიტყვებს – “საზეიმო”, “ზეიმი”. მათი ქორწინების შემდეგ გალამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დალის ცხოვრებასა და შემოქმედებაში”.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s