კნუტ ჰამსუნი

კნუტ ჰამსუნი – Knut Hamsun

კნუტ ჰამსუნი დაიბადა  1859 წლის 4 აგვისტოს.მან ლიტერატურულ მოღვაწეობას ხელი 1877 წელს მოკიდა ხელი. მისი ნამდვილი გვარი ჰედერსონი იყო და ფსევდონიმი ჰამსუნი მშობლიური სოფლის ჰამსუნდის საპატივცემულოდ აიღო. მისი პირველი ნოველა სწრაფად დაიბეჭდა, ხოლო ბალადა “პაემანმა” სამშობლოში პოპულარობა მოუტანა.

საქართველოს თავის დროზე მრავალი ცნობილი მწერალი სტუმრობდა და მათი ვიზიტების შესახებ ყველასათვის არის ცნობილი. ჩვენი საზოგადოებრიობა მათ ქართველთათვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით იღებდა და ჩამოსულებიც უკან ღრმა შთაბეჭდილებებით ბრუნდებოდნენ.

ერთადერთი დიდი მწერალი რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და არც ერთ ქართველ კოლეგას არ შეხვედრია, რომლისთვისაც არამც თუ საზეიმო შეხვედრა, სუფრაც კი არ გაუშლიათ, იყო ნორვეგიელი მწერალი, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაუერატი კნუტ ჰამსუნი. სხვადასხვა მიზეზების გამო ჰამსუნმა იმ დროს ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.

1882 წელს საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, მაგრამ იქაურმა კლიმატმა ჯანმრთელობა შეურყია და კვლავ ნორვეგიაში დაბრუნდა. თუმცა ხელმოკლეობამ მწერალი აიძულა რომ თავშესაფარი ისევ ოკეანისგაღმა ეძებნა. აქ დაიბეჭდა მისი პირველი რომანი “შიმშილი”, რომელმაც ჰამსუნი როგორც პროფესიონალი მწერალი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია. 1892 წელს, მისმა მეორე რომანმა “მისტერიებმა” მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.

აქედან მოყოლებული, მწერალმა შექმნა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რომელთაგანაც გამოირჩევა რომანები: “ჰანი”, “მიწის მადლი” (ამ რომანს 1920 წელს ნობელის პრემია მიენიჭა), “ვიქტორია”. საინტერესოა, რომ თავის დროზე “ვიქტორია” ქართულ ენაზეც ითარგმნა. მას გამოეხმაურა კონსტანტინე გამსახურდიაც, რომელმაც 1915 წლის 2 ივლისს ჟურნალ “თეატრი და ცხოვრება”-ს წერილი მისწერა და კნუტ ჰამსუნის შემოქმედებას მაღალი შეფასება მისცა. 1923 წელს კი გამსახურდიამ ნორვეგიელ კოლეგას ესე მიუძღვნა.

ჰამსუნის ადრეულ შემოქმედებაში აშკარაა ბ. ბერნსონის, ხოლო მოგვიანებით – დოსტოევსკის, ნიცშესა და სტრინდბერგის გავლენა.

ჰამსუნი იმთავითვე დაუპირისპიედა ნატურალიზმს თავისი ფანტაზიითა და ფსიქოლოგიური ანალიზით; ამავე დროს, მის ნაწარმოებებში აშკარად ჩანს სინამდვილის ეროტულგრძნობადი აღქმა-წვდომა, ბუნების ექსტაზური განცდა-შეგრძნება. ჰამსუნის რომანებში გამოხატულია ქვეცნობიერი სულიერი ცხოვრების უწვრილმანესი ნიუანსები. მისი თხრობის ხელოვნება ახდენს ყველა იმ სტილური საშუალების სინთეზირებას,რომელიც მოპოვებულია ნატურალიზმიდან მოყოლებული იმპრესიონიზმის ჩათვლით და ჰამსუნის ნაწარმოებებს განუმეორებელ მიმზიდველობას სძენს.

მეორე მსოფლიო ომის დროს მწერალმა გერმანელი ფაშისტებისადმი გარკვეული სიმპათიები გამოხატა. ომის დასრულების შემდეგ მშობელმა ერმა კნუტ ჰასმსუნი სამშობლოს ღალატისათვის სასამართლოში მისცა და ნორვეგიის საზოგადოებამაც ბოიკოტი გამოუცხადა. სამი წელი ელოდა სასამართლოს.

ეს დრო ჰამსუნისათვის ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი აღმოჩნდა. მამა არც შვილმა დაინდო, რომელმაც საქვეყნოდ განაცხადა, რომ ჰამსუნი “განუდგა თავისი ხალხის რიტმს და ისტორიული ბორბლის ქვეშ მოექცა”. ბოლოს და ბოლოს კნუტ ჰამსუნი ხანდაზმულობამ გადაარჩინა და მკაცრ სასჯელსაც გადაურჩა. კვლავ დაიწყეს მისი რომანების ბეჭდვა.

კნუტ ჰამსუნი საქართველოში 1910 წლის ზაფხულში ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად. ოთხცხენიანმა ეტლმა ჩამოიყვანა ვლადიკავკაზიდან საქართველოს სამხედრო გზით. აქ მიღებული შთაბეჭდილებები მან აღწერა წიგნში “მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში”, რომელშიც თავისი მიაგო საქართველოს ბუნებას, ტრადიციებს, თბილისს.

მწერალი მეუღლესთან ერთად კეთილმოწყობილ სასტუმრო “ლონდონში” დაბინავდა. ჰამსუნი თბილისში და საერთოდ საქართველოში ძირითადად დაბალი ფენის წარმომადგენლებს ხვდებოდა, და მაინც, საქართველოს დედაქალაქმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით ეს ითქმის მის აზიურ ნაწილზე. თუმცა, ჯერ კიდევ თბილისში შემოსვლამდე ვერ მალავდა თავის გაოცებას: “ჩვენ თბილისს ვუახლოვდებით. გზა მდინარე მტკვრის ნაპირს მიჰყვება, მტკვარი კი დიდებული და ლამაზი მდინარეა”. თავად თბილისის ხილვის შემდეგ მწერალს შემდეგი ფრაზები დასცდა: “ აი თბილისიც. ქალაქი, რომელზეც ასე ბევრს წერდნენ რუსი პოეტები და სადაც თამაშდება მრავალი რუსული რომანის მოქმედება. წუთით ბავშვად ვიგრძენი თავი, ვიცქირები შორს და მესმის როგორ მიცემს გული”.

მწერალს თბილისში განსაკუთრებით დამახსოვრებია ქალაქის უძველესი ნაწილი: “ ჩვენ ხშირად ვბრუნდებით ქალაქის აზიურ უბანში, რომლის ცქერით ვერ ვძღებით”. არც ადგილობრივ მკვიდრთ ივიწყებდა ჰამსუნი. მას მოსწონს ქართველები, მათი ტრადიციები: “კავკასიელები ლამაზი ხალხია, მშვენიერი ტანსაცმელი აქვთ, ბუნებაც მომაჯადოებელია, ეს აღთქმის ქვეყანაა, აქ დაირწა კაცობრიობის აკვანი. აქაურებმა გაუძლეს უამრავ ბრძოლებს და ახლაც ძლიერნი არიან”.

კნუტ ჰამსუნმა იმოგზაურა ბათუმშიც. აქ იგი ციებ-ცხელებით დაავადდა და ადგილობრივმა მკვიდრმა უმკურნალა.

დადგა საქართველოსთან გამოთხოვების დღეც. გაუჭირდა თურმე მწერალს ქართულ სამყაროსთან გამომშვიდობება: “ხვალ ჩვენ მივემგზავრებით, მალე დავტოვებთ ამ ქვეყანას, მაგრამ მთელი სიცოცხლე იმედს არ დავკარგავ მასთან ხელმეორედ შეხვედრისას. მე ხომ მტკვრის წყალი დამილევია”.

მოგვიანებით, კნუტ ჰამსუნმა ერთ-ერთ წერილში საქართველო შემდეგნაირად მოიხსენია. “ეს ქვეყანა არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს, რომელსაც მე ვიცნობ და იმ გრძნობით ვარ შეპყრობილი, რომ მთელი სიცოცხლე სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ”.

კნუტ ჰამსუნმა ქართულ თემას უძღვნა სამმოქმედებიანი დრამა “თამარ მეფე”, რომელიც პირველად ნორვეგიის ქალაქ ქრისტიანსენში წარმოუდგენიათ.

სამშობლოში მიბრუნებულმა კნუტ ჰამსუნმა ხანდაზმულობაში ერთხელ კიდევ მოინდომა საქართველოში ჩამოსასვლა, მაგრამ ბედმა არ გაუმართლა. იგი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1952 წლის 19 თებერვალს ნორჰოლდში.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s