სკოტ ფიცჯერალდის შეშლილი ცხოვრება და შეშლილი სიყვარული

სკოტ ფიცჯერალდის შეშლილი ცხოვრება და შეშლილი სიყვარული

მათი ცხოვრება მაღალ წრეებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა და განსჯის თემა გახლდათ. საზოგადოების ინტერესს სკოტ ფიცჯერალდის მიერ სასტუმრო “რიცში” შესმული სასმელი და მისი ცოლის, ზელდას მიერ, ხელსაწმენდზე დახატული იორდასალამიც იწვევდა. “…300 იორდასალამი დახატა და მიმტანს ხელსახოცები კიდევ მოსთხოვა”; “რატომ მაინცდამაინც იორდასალამი?” “მგონი, ის უბრალოდ, შეშლილია”… ფიცჯერალდის პირველი რომანის, “სამოთხის აქეთ” – გამოქვეყნების შემდეგ პრესა წყვილს თვალს არ აშორებდა. ყველა გაზეთის “მაღალი საზოგადოების ქრონიკა” მათი ოჯახის ქრონიკად გადაიქცა. “წუხელ მისტერ ფიცჯერალდმა მეუღლესთან ერთად მანჰეტენში უჩვეულო ექსკურსია მოაწყო. ბროდვეის კუთხეში ტაქსი გააჩერა და ცოლ-ქმარი უკანა სავარძელზე მოთავსდა. თუმცა, მეხუთე ავენიუზე გასვლის შემდეგ იფიქრეს, რომ მოუხერხებლად მგზავრობდნენ. მძღოლს მანქანა გააჩერებინეს და მდგომარეობა შეიცვალეს: მისტერ ფიცჯერალდი მანქანის სახურავზე აძვრა, მისის ფიცჯერალდი – კაპოტზე და მძღოლს გზის გაგრძელება უბრძანეს”… “ამ დღეებში ნიუ-იორკის საზოგადოება ფიცჯერალდების ოჯახის გაქრობამ შეაშფოთა. შაბათს საღამოს, თავისი სახლიდან გამოსვლის შემდეგ ისინი მანჰეტენზე უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ იქ არც კვირას დილით, არც ორშაბათს საღამოს და არც სამშაბათს შუადღისას არ გამოჩენილან. ისინი მხოლოდ ოთხშაბათს, ნიუ-ჯერსიში, იაფფასიან სასტუმროში აღმოაჩინეს. ძლივს გაიხსენეს, ამ 4 დღის განმავლობაში სად იყვნენ, რამდენი დალიეს და როგორ აღმოჩნდნენ ნიუ-ჯერსიში”. “სკოტმა გაიხადა სპექტაკლ “სკანდალებზე!..” “ზელდამ შადრევნის ქვეშ იბანავა”… “ზელდა რესტორანში კიბიდან გადმოეშვა”… საქმე ის გახლავთ, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო. სკოტი მართლაც ბევრს სვამდა, ზელდას კი ძალიან უყვარდა იორდასალამები. ეს ყვავილები მონტგომერიში, მისი მშობლების სახლის ეზოში იზრდებოდა. ზელდა სწორედ იქ დაიბადა 1900 წელს. მასზე ფეხმძიმობის დროს, დედამისი რომანს კითხულობდა, რომლის მთავარი გმირიც ბოშა ქალი – ზელდა გახლდათ. ახალდაბადებულ ბავშვს სახელი სწორედ ასე შეურჩიეს. მამა, ენტონი, მართალია, მშვიდი, მაგრამ გავლენიანი ადამიანი იყო. ხუმრობა ხომ არ არის, ალაბამის შტატის მოსამართლეობა! 9 წლის ასაკში ზელდა ბალეტით დაინტერესდა და საკმაო წარმატებასაც მიაღწია. ცეკვის გარდა ცურვით, მოდითა და ბიჭებით იყო გატაცებული. ოჯახური ტრადიცია ავალდებულებდა, თავშეკავებული, მორიდებული, დამჯერი და წყნარი გოგონა ყოფილიყო, სინამდვილეში, დამოუკიდებელი, თავნება ადამიანი იყო და საკუთარი თავის გარდა, არავისზე ფიქრობდა და თუ დასჭირდებოდა, ყველანაირ წესს, ტრადიციასა და მორალურ პრინციპს მიაფურთხებდა და იმას გააკეთებდა, რაც სურდა. ზელდამ კოლეჯი დაამთავრა და გამოსაშვები კურსის გოგონებს შორის ყველაზე ლამაზად აღიარეს. ერთი თვის შემდეგ, კლუბში ახალგაზრდა მამაკაცი გაიცნო, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა იმ ახალგაზრდებისგან, ვინც მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა და იმ ბიჭებისგანაც, ვინც მსუნაგი თვალებით ათვალიერებდა ხოლმე. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი არაჩვეულებრივად ლამაზი იყო. ზელდას, როგორც 67-ე პოლკის უმცროსი ლეიტენანტი, სკოტ ფიცჯერალდი წარუდგა. შემდეგ ისინი საუბრობდნენ პოეზიაზე, სიყვარულსა და ცხოვრებაზე… გოგონა 18 წლის იყო, ახალგაზრდა ლეიტენანტი – 22-ის. მათ მთელი ზაფხული ერთად გაატარეს. მოგვიანებით, სკოტმა გოგონას გაუმხილა, რომ მწერალია და სამხედრო სამსახურში იმიტომ წავიდა, რომ პრინსტონში სწავლის გაგრძელება არ სურდა. მას შეთხზვის უბადლო უნარი ჰქონდა. თავისი პირველი დეტექტიური ნაწარმოები ჯერ კიდევ სკოლაში დაწერა და კედლის გაზეთში დაბეჭდა, რითაც მცირე ხნით ვარსკვლავიც კი გახდა. როდესაც მიხვდა, რომ დიპლომის ასაღებად, სახელმძღვანელოებზე თავი უნდა დაეკლა, მოიწყინა და უიმედობა დაეუფლა. გადაწყვიტა, რომ ყველაფერს პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის ველზე სიკვდილი სჯობდა და ამერიკულ ჯარში მოხალისედ წავიდა. სკოტი დარწმუნებული იყო, რომ დაუყოვნებლივ გაუშვებდნენ ფრონტზე, იქ კი მყისიერად მოკლავდნენ. იმისათვის, რომ დედამიწაზე თავისი კვალი დაეტოვებინა, თავისი რომანის, “რომანტიკული ეგოისტის” ხელნაწერი ერთ-ერთ გამომცემლობას გაუგზავნა. ხელნაწერი მალე დაუბრუნეს (თუმცა, დამაიმედებელი ბარათიც მოაყოლეს, რომელშიც ურჩევდნენ, ხელნაწერი არ გადაეგდო, რადგან მას მხოლოდ გადაკეთება სჭირდებოდა), ხოლო ავტორი ფრონტის ნაცვლად სასწავლო ბანაკში – “შერიდანში” გაგზავნეს, რომელიც ზელდა სეიერის ქალაქში იყო განთავსებული. გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ზელდა სკოტს სიყვარულში გამოუტყდა. მაგრამ ნიშნობამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო. მათ ურთიერთობაში მოსამართლე მამა ჩაერია, რომელსაც შეატყობინეს, რომ ლამაზ ლეიტენანტს სმა უყვარდა. ასევე აღშფოთდა ზელდას დედა, რომელმაც, გაიგო თუ არა, რომ ყმაწვილი მწერალი იყო, მაშინვე გაიფიქრა: “მწერალი? რა უნდა ჭამოს ჩემმა შვილმა?” მშობლების გავლენით, ზელდამ სკოტს შეუთვალა: “მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ მიყვარხარ, შესაძლოა, ფრონტზე გაგიშვან და მოგკლან. რა უნდა ვქნა მერე?” სწორედ ამ დროს, პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა, რის გამოც, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ, ზელდას მშობლებმა ნიშნობაზე თანხმობა განაცხადეს იმ პირობით, რომ ქორწილი მანამდე არ შედგებოდა, ვიდრე სკოტი ნორმალურ სამსახურს არ იშოვიდა. უგონოდ შეყვარებული ყმაწვილი ნიუ-იორკში გაემგზავრა და ქალაქის რკინიგზის სარეკლამო სააგენტოში დაიწყო მუშაობა. მას ომამდელი სტილის კოსტიუმი ეცვა და თავს არიდებდა იმ ახალგაზრდებთან ურთიერთობას, ვინც ბოლო მოდაზე იცვამდა. საველე ჭოგრიტი “დაალომბარდა”, რესტორანში ივახშმა და ბოლო ცენტები მიმტანს ფეხის ქირად მისცა. ქირაობდა იაფფასიან ოთახს, წერდა მხიარულ მოთხრობებს და პირველი ჰონორარით – 30 დოლარით წითელი ფერის მარაო შეიძინა, რომელიც წერილთან ერთად, საჩუქრად ზელდას გაუგზავნა. “წარმატებისა და ამბიციის გზაზე შევდექი და იმედი მაქვს, მალე ამ გზას ჩემთან ერთად შენც გაუყვები”. 1919 წლის მარტში ზელდას ოქროს ბეჭედი გაუგზავნა. მთავარი ის არაა, რამდენჯერ ვახშმის გარეშე დარჩა სკოტი, რათა ფული დაეზოგა. მთავარი ისაა, რომ ზელდამ საჩუქარი მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალს კვლავინდებურად უყვარდა. თუმცა, როდესაც სკოტს სასიყვარულო ბარათებს სწერდა, თან მონტჰომერის ყველა მამაკაცს ეკეკლუცებოდა. სხვაგვარად ცხოვრება მას არ შეეძლო. ერთხელ ერთ-ერთმა გოლფის მოთამაშემ ისე გაიტაცა, რომ მასთან ერთად ატლანტაში, ტურნირზეც კი გაემგზავრა. დამშვიდობებისას, კავალერმა ყველაზე ძვირფასი ნივთი – მისი კოლეჯის ემბლემიანი ქინძისთავი უძღვნა. შინ დაბრუნებულმა ზელდამ ქინძისთავი პატრონს წერილთან ერთად დაუბრუნა: “ამ საჩუქრის მიღება არ შემიძლია”. მაგრამ, დაბნეულობისა თუ ჩვევის გამო, კონვერტზე სკოტის მისამართი მიუთითა. ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რა განიცადა სკოტმა ამ უცნაური გზავნილის მიღების შემდეგ. მეორე დღესვე მონტგომერიში ჩავიდა და მოითხოვა, ზელდა ცოლად გაჰყოლოდა. ქალმა უარით გამოისტუმრა – “სჯობს, თავი მოიკლა, ვიდრე ორივე მშივრები დავიხოცოთ”. სკოტი გულგატეხილი დაბრუნდა ნიუ-იორკში. ჯიბეში ზელდას მიერ დაბრუნებული ოქროს ბეჭედი ედო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნიშნობა ჩაიშალა და საყვარელი გოგონა დაკარგა. სკოტმა სამსახური მიატოვა, ნიუ-იორკიდან შინ გაემგზავრა და ხელი რომანის გადაკეთებას მიჰყო.

1920 წლის ბოლოს ფიცჯერალდს ბედნიერება ეწვია. მისი რომანი, რომელსაც ახლა “სამოთხის აქეთ” ერქვა, დაიბეჭდა. წიგნის გამოსვლის მეორე დღეს ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა მხოლოდ პოპულარულმა კი არა, მდიდარმაც გაიღვიძა. ერთი კვირის შემდეგ კი ზელდაზეც დაქორწინდა. ალაბამის მოსამართლეს აღარ გაუპროტესტებია მათი შეუღლება, მაგრამ შვილის ქორწილს არ დაესწრო, რაც ცოლ-ქმარს დიდად არ უნაღვლია. სკოტი შესანიშნავად იცვამდა, ელეგანტურ შლაპებს ატარებდა, რაც მაშინდელი მწერლებისთვის ფუფუნებად მიიჩნეოდა. ისინი გვიან იღვიძებდნენ, ზეთისხილიანი სენდვიჩით საუზმობდნენ, საღამოობით რესტორანში ვახშმობდნენ და ერთი რესტორნიდან მეორეში მიდიოდნენ. ზელდა მშვენივრად ცეკვავდა ჩარლსტონს და ამის დემონსტრირება უყვარდა კიდეც. ცოლ-ქმარი არანორმალური, გიჟური ცხოვრებით ცხოვრობდა და არც გართობას იკლებდა. სწორედ მაშინ გაისეირნეს ტაქსით გიჟურად, რადგან ასე მოუნდათ, სწორედ მაშინ იბანავა შადრევნის ქვეშ ზელდამ, იმიტომ, რომ დასცხა, სწორედ მაშინ გაიხადა სკოტმა სპექტაკლზე… რატომ? ვინ იცის? ქორწინებას ისინი მოსაწყენ ცოლ-ქმრად არ გაუხდია. ზელდა ძველებურად აბამდა ფლირტს ყველასთან, სკოტი კი ძველებურად ეჭვიანობდა. სადაც კი გამოჩნდებოდნენ, ჰაერი სიცოცხლის, სურვილის, სექსის სურნელით იჟღინთებოდა და ყველა გრძნობდა, რომ ეს არ იყო თამაში. ეს ყველაფერი ბუნებრივი და ძალდაუტანებელი გახლდათ და არა – მოწყენილობისგან მოგონილი თავშესაქცევი. სკოტი უკვე ძალიან ცოტას წერდა, რადგან წერა მხოლოდ ფხიზელს შეეძლო. ფხიზელ მდგომარეობაში კი ძალზე იშვიათად იყო. წყვილი ფრანგულ რივიერაზე გაემგზავრა, იქიდან კი პარიზში, მაგრამ მოგზაურობისას სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომლის შესახებაც ისინი არავისთან ლაპარაკობდნენ: ზელდას ფრანგი, ულამაზესი მამაკაცი, მფრინავი ედუარდ ჟოზანი შეუყვარდა. როდესაც ჟოზანი მისი ცხოვრებიდან გაქრა, ზელდამ თავის მოკვლა სცადა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. რაღაც უცნაურობა მის ქცევაში სხვა დროსაც შეინიშნებოდა, მაგრამ მათი უცნაური ცხოვრების ფონზე ეს ჩვეულებრივად აღიქმებოდა. ბოლოს და ბოლოს, სკოტი მიხვდა, რომ ზელდას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ ჰემინგუეი დიდი ხნის წინ ეუბნებოდა, მაგრამ სკოტი ყურსაც არ იბერტყავდა. მალე ზელდას ფსიქიკურ მდგომარეობაზე მთელი პარიზი ალაპარაკდა. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც ზელდა რესტორნის კიბიდან გადმოეშვა. ცოლ-ქმარი ვახშმობდა. სკოტმა მოშორებით ცნობილი მოცეკვავე, აისედორა დუნკანი შენიშნა. “ძვირფასო, მინდა, ამ მშვენიერ ქალს მივესალმო”, – უთხრა სკოტმა ცოლს. ზელდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მაგრამ სკოტი წამოდგა თუ არა, ისიც წამოხტა და კიბისკენ გაქანდა. შუა კიბემდე მისული თავით ძირს გადაეშვა. ყველა ფიქრობდა, ქალი მოკვდებოდა, მაგრამ მხოლოდ დაჟეჟილობით გადარჩა. ცოტა მოგვიანებით, ჰოლივუდში, ზელდამ იეჭვა, რომ მისი ქმარი 18 წლის მსახიობით იყო გატაცებული. მან ეს ძალზე განიცადა და სკოტი აიძულა, კონტრაქტი დაერღვია და შინ დაბრუნებულიყო. მატარებელში მთელი ხმით უყვიროდა, ფანჯრიდან კი სკოტის ნაჩუქარი, ბრილიანტის თვლებით შემკული საათი მოისროლა. შემდეგ ზელდამ იფიქრა, რომ სკოტს ის მოსწყინდა და გადაწყვიტა, ისევ ცეკვა დაეწყო. საამისოდ ჯერ დიეტა უნდა დაეცვა. ჭამა შეწყვიტა. შემდეგ, უეცრად ქმარს გამოუცხადა, რომ მეგობრებს მათი მოკვლა სურდათ. კიდევ უთხრა, რომ სიარული, ხელების განძრევა და წარბების აწევაც კი აღარ უნდოდა. მხოლოდ ერთ ადგილზე ჯდომა, ხმების მოსმენა სურდა. რომელი ხმების? იმ ხმების, რომლებიც მას განძრევასა და წარბების აწევას უშლიდა. 1930 წლის აპრილში ზელდა შიზოფრენიის დიაგნოზით ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მისი დაავადებების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელი იყო – დევნის მანია, ეგზემა, კატატონია, მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი… ზელდამ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკები მოიარა. სკოტი მასთან ერთად მოგზაურობდა, კლინიკის მახლობლად სასტუმროს ნომერს ქირაობდა და მის გამოჯანმრთელებას უცდიდა. ამასთან, ისევ წერდა, რამეთუ ეს ზელდას მკურნალობის ხარჯების დასაფარავად სჭირდებოდა… მაგრამ მას მაინც თავდავიწყებით უყვარდა თავისი ზელდა – შეშლილი, სახეწაშლილი და გონდაკარგული ცოლი. მას ის მაშინაც უყვარდა, როცა სხვა ქალებს ხვდებოდა. სხვა ქალები კი მის ცხოვრებაში ბლომად იყვნენ, რადგან ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 40 წლის, მიმზიდველი მამაკაცი იყო. ერთ-ერთმა საყვარელმა, რომელიც ტეხასის შტატის ყველაზე მდიდარი ქალი იყო, ოჯახის შექმნა შესთავაზა, რაზეც სკოტმა უპასუხა: “მადლობას მოგახსენებთ შემოთავაზებული წინადადებისთვის, მაგრამ არ შემიძლია, სხვა ცხოვრებით ვიცხოვრო. მე ერთადერთი ძაფი ვარ, რომელიც ზელდას რეალობასთან აკავშირებს. ეს ძაფი რომ გაწყდეს, ის წყვდიადში აღმოჩნდება”. სკოტი მატერიალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ფულს სესხულობდა, რომ ზელდას მკურნალობის ხარჯი გაეღო. მისი გამოჯანმრთელების იმედს არ კარგავდა. სკოტი 1940 წელს, საყვარლის სახლში, უკანასკნელი, დაუმთავრებელი რომანის – “უკანასკნელი მაგნატის” ხელნაწერზე დამხობილი, გულის შეტევით გარდაიცვალა. ზელდამ ამის შემდეგ კიდევ 8 წელი იცოცხლა. 1948 წელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და რამდენიმე დღით მშობლებს ესტუმრა. გამგზავრების წინ, როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად სუფრასთან იჯდა, უეცრად თქვა: “დედა, შეგვიძლია, არ ვიჩქაროთ, მატარებელი მაინც დააგვიანებს”. “საიდან იცი?” – დაინტერესდა დედა. “როგორ თუ საიდან, სკოტმა მითხრა. დედა, ვერ ხედავ სკოტს? ის ხომ შენგან მარცხნივ ზის”. სადგურზე მისულმა ზელდამ კი დედას ნაღვლიანად უთხრა: “არ ინერვიულო, დედა, სიკვდილის არ მეშინია. სკოტმა მითხრა, რომ ეს საშიში არ არის”… რამდენიმე დღის შემდეგ, ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ზელდა მკურნალობდა, ხანძარმა 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყო ზელდა ფიცჯერალდიც.

Advertisements

One thought on “სკოტ ფიცჯერალდის შეშლილი ცხოვრება და შეშლილი სიყვარული

  1. გამოხმაურება: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის “ნაზია ღამე” | ჩემებური ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s