მარსელ პრუსტი

მარსელ პრუსტი – Marcel Proust

მარსელ პრუსტი დაიბადა შეძლებულ ოჯახში 1871 წლის 10 ივლისს დასახლება ოტეიში, იმდროინდელი პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში.მისი დაბადება დაემთხვა ფრანკო-პრუსიის ომის დასასრულს და მესამე რესპუბლიკის შექმნას, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია მწერლის ცხოვრებაზე. არისტოკრატიის ზეგავლენის შესუსტება და საშუალო კლასის მომძლავრება, რომელიც დამახასიათებელი იყო ამდროინდელი საფრანგეთის ისტორიისათვის, შემდგომში პრუსტის შემოქმედებაში აისახა.

მწერლის მამა, ადრიენ პრუსტი, მის თანამედროვეთა შორის პატივცემული და აღიარებული ექიმი იყო,ეპიდემილოგიისა და ჰიგიენის სპეციალიზაციით. მას ეკუთვნის ოცამდე წიგნი ქოლერისა და იმჟამადევროპასა და აზიაში გაბატონებული სხვა გადამდები დაავადებების შესახებ. მარსელ პრუსტის დედა, ჟანა კლემანს ვაილი, მდიდარი ებრაული ოჯახიდან იყო. მისმა განათლებამ და ლიტერატურულმა გემოვნებამ გამოძახილი ჰპოვა მისი შვილის შემოქმედებაში. მწერლის ბიოგრაფებისათვის ისიც კია ცნობილი, რომ ჟანა თავის შვილს, რომელიც არც-თუ კარგად ფლობდა ინგლისურს, ჯონ რესკინის ლექსების პწკარედულ თარგმანებს უსრულებდა, შემდეგ კი პრუსტი ამ პწკარედებით, ერთი კრიტიკოსის სიტყვებით, ”რესკინის ლექსებს უზადო ფრანგულით წერდა”.

მარსელს მთელი ცხოვრების განმავლობაში ძლიერ ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რომელიც მისთვის ხშირად შთაგონების წყარო იყო. ყველაზე მკაფიოდ ეს აისახა მისი რომანის, ”დაკარგული დროის ძიებაში” პირველ და მეორე ტომებში, სადაც მისი პერსონაჟის ბავშვობაა აღწერილია. თავად მარსელის სიტყვებით, კითხვაზე, თუ რა არის მისთვის ბედნიერება, მან უპასუხა – ”განუყოფელი და მარადიული ცხოვრება დედის გვერდით”.

ცხრა წლის ასაკში მარსელ პრუსტი ასთმით დაავადდა. ავადმყოფობის გამო მომავალი მწერალი იძულებული იყო ზაფხულის არდადეგები ილიეში გაეტარებინა. მისი დიდი ბიძის სახლი ილიეში შემდგომში მის შემოქმედებაში კომბრედ იქცა, სადაც მიმდინარეობს მისი რომანის, ”დაკარგული დროის ძიებაში”-ს უმთავრესი პერიპეტიები.

მიუხედავად ავადმყოფობისა პრუსტი საფრანგეთის ჯარში მსახურობდა 1889-1890 წლებში. შემდგომში ჯარში მიღებულ შთაბეჭდილებებს მწერალი აღწერს ”გერმანტების მხარე”-ში.

მარსელმა ლიტერატურული ნიჭი ბავშვობიდანვე გამოავლინა ლიცეუმში სწავლის დროს. მადამ არმანის სალონში მარსელი გაეცნო ანატოლ ფრანსს, რომლის წყალობითაც მან შეძლო 1896 წელს მისი პირველი წიგნის, ლექსებისა და მოთხრობების კრებულის ”განცხრომა და დღეები” გამოქვეყნება. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში პრუსტი ფრანგულ ენაზე თარგმნიდა ჯონ რესკინის სტატიებსა და თხზულებებს. 1907 წლის თებერვალში პრუსტმა გაზეთ ”ფიგარო”-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ის შეეცადა გაეანალიზებინა ორი ცნება, მეხსიერება და დანაშაულის გრძნობა, რომლებმაც შემდგომში მის შემოქმედებაში საკვანძო მნიშვნელობა შეიძინეს.

პრუსტის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც ძირითადად იმპრესიონისტულია, დაუპირისპირდა XIX ს. რეალიზმის ეპოქაში დამკვიდრებული რომანის პრინციპებს. საზოგადოებრივ მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების მცდელობა მან შეცვალა მოვლენათა ინტუიციური წვდომის შედეგად მოპოვებული სუბიექტური მონაცემებით. პორტრეტის ხატვისას იგი ზოგადადამიანური საწყისიდან გამოდის, და არ ცნობს ადამიანის პიროვნების სოციალური განსაზღვრულობის ფაქტს. პრუსტი ბერგსონის ფილოსოფიურ მოძღვრებასა და ფროიდის ფსიქოანალიზს ეყრდნობა. მის ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ. მოვლენათა გადმოცემისას დაცული არ არის დროული თანამიმდევრობა, ამიტომ ძირეულადაა შეცვლილი რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგა. მწერალი ცდილობს მოუძებნოს ახსნა ადამიანის ფსიქოლოგიის და ინტელექტის კანონებს, ინტუიციის მექანიკას.

პრუსტს ადამიანის ქვეცნობიერგრძნობათა ფიქსირებისა და ჰიპერბოლიზაციის საოცარი უნარი აქვს. ლირიკული წიაღსვლები, ფერის, ხმის, ღიმილის, შთაბეჭდილებათა გადმოცემის ფილიგრანული ოსტატობა, განცდათა, აღქმათა, გრძნობათა უნატიფეს ენობრივ ქსოვილში განსხეულება ამ ნაწარმოებს დიდ მხატვრულ ღირსებას სძენს.

მარსელ პრუსტი ჰომოსექსუალი იყო. ამაზე მოწმობს დიდი რაოდენობით კორესპონდენცია, რომელიც დარჩა მისი და მისი მეგობრის, პიანისტი რეინალდო ჰანის მიმოწერისას. საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1900 წლიდან 1905 წლამდე მარსელმა მისი გარემომცველი საახლობლო წრიდან მრავალი ადამიანი დაკარგა. 1903 წელს გარდაიცვალა მამამისი, 1905 წლის სექტემბერში კი – დედა. მშობლების სიკვდილის შემდგომ მას დიდი მემკვიდრეობა ერგო, რამაც საშუალება მისცა პრუსტს მთელი თავისი დრო ხელოვნებისათვის დაეთმო.

სიცოცხლის უკანასკნელი წლებში მარსელის საკუთარი ოთახიდან არ გამოდიოდა. დღისით ეძინა, ღამით კი წერდა რომანს, რომელიც საბოლოოდ მწერალთან გაიგივდა.

მარსელ პრუსტი გარდაიცვალა 1922 წლის 18 ნოემბერს პარიზში. დაკრძალულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s