სიმონა დე ბოვუარი

სიმონა დე ბოვუარი – Simone de Beauvoir

სიმონა დე ბოვუარი რომლის ნამდვილი სახელი და გვარია  ჟანა მარი ბერტრან დე ბოვუარი დაიბადა 1908 წლის 9 იანვარს პარიზში.მისი მამა ჟორჟ დე ბოვუარი უბრალო ადვოკატი და მოყვარული მსახიობი იყო. დედა კი, ფრანსუაზა ბრასერი, ვერდენის ბურჟუაზიულ ოჯახს ეკუთვნოდა.

სიმონა დე ბოვუარი რასპაის ბულვარზე მდებარე ბინაში დაიბადა. 5 წლის ასაკში შეიყვანეს კეთილშობილი ოჯახებიდან გამოსული ქალიშვილებისთვის სპეციალურ სასწავლებელში. ორი წლის შემდეგ მისი უმცროსი და, ელენიც (ზედმეტსახელად პუპეტი) იმავე სასწავლებელში შეიყვანეს. მცირე ასაკიდან სიმონა უკვე გამოირჩეოდა თავისი ინტელექტუალური უნარით და ყოველ წელს, თავის კლასელთან, ელიზაბეტ ლაკოენთან ერთად იმარჯვებდა სასწავლებელში გამართულ კონკურსებში. მალე სიმონა და ელიზაბეტი საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სიმონას ბაბუა (დედის მხრიდან), ბანკის პრეზიდენტი, გუსტავ ბრასერი გაბანკროტდა, რაც ფინანსურად მთელ ოჯახზე აისახა. სიმონას მშობლები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ რასპაის ბულვარში მდებარე ბინა და მეზობლად, მეექვსე სართულზე მდებარე ბნელ და მომცრო ბინაში გადასულიყვნენ. ჟორჟ დე ბოვუარს, რომელსაც მოგვაინებით სიმონა აღწერდა როგორც “არისტოკრატიასა და ბურჟიაზიას შორის მყოფს”, იმედი ჰქონდა, რომ მთელი ცხოვრება მეუღლის ქონებაზე იცხოვრებდნენ. აქედან გამომდინარე მწერლის დედა თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ ქმარს იმედები გაუცრუა. მეუღლეებს შორის ურთიერთობა თანდათან დაიძაბა.

ბავშვობაში, სიმონა ზაფხულის არდადეგებს ატარებდა ბაბუამისის, ერნესტ დე ბოვუარის მიერ 1880 წელს დაარსებულ მეირინიაკის პარკში, სენტ-იბარში. ეს მამული ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იყიდა მისმა დიდმა ბაბუამ, ნარსის ბერტრან დე ბოვუარმა. პარკში გატარებული ბედნიერი დროისა და თავის დასთან, ელენთან ერთად სეირნობების შესახებ მოგონებები ხშირად გვხვდება დარბაისელი გოგონას მემუარებში. ბუნებასთან ამგვარი კონტაქტიდან და სოფლად ხეტიალიდან ჩამოყალიბდა მასში “განსხვავებული” ცხოვრების სურვილი.

თხუთმეტი წლის ასაკში სიმონა დე ბოვუარს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მწერალი გამხდარიყო. მან მრავალი დიპლომი მიიღო: ლიტერატურაში, ბერძნულ და ლათინურ ენებში, ფილოსოფიასა და მათემატიკაში. აქედან ყველაზე დიდი ინტერესი ფილოსოფიის მიმართ აღმოაჩნდა და სწავლა განაგრძო პარიზის უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე. აქ გაიცნო ჟან-პოლ სარტრი, რომელსაც გენიოსს უწოდებდა. მათ შორის თითქმის მითიური კავშირი დამყარდა, რომელიც სიკვდილამდე გაგრძელდა. სიმონა იყო სარტრისთვის “აუცილებელი სიყვარული”, განსხვავებით მრავალი სხვა “შემთხვევითი სიყვარულისგან”, რაც ორივეს ცხოვრებაში მრავლად იყო. ამ პერიოდში სიმონა დე ბოვუარმა ფილოსოფიის მასწავლებლის ლიცენზია მიიღო.

იმავე წელს ელიზაბეტის სიკვდილმა მძიმე ტრავმა მიაყენა. ღვთისმოშიში დედის მიერ აღზრდილმა სიმონამ თოთხმეტი წლის ასაკიდან დაკარგა რწმენა (დარბაისელი გოგონას მემუარების მიხედვით) და ამგვარად დაიწყო მისი დაშორება ოჯახისგან.

1929 წლიდან ბოვუარი ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი სამუშაოდ მარსელში მიიწვიეს. სარტრი კი ამ პერიოდში ჰავრში გააგზავნეს სამუშაოდ, რასაც სიმონა ძალზე მტკივნეულად განიცდიდა. ჟან-პოლმა მას ცოლობა შესთავაზა იმ მიზნით, რომ ერთ ლიცეუმში იმუშავებდნენ, მაგრამ ქალმა, მიუხედავად სარტრის მიმართ მისი გრძნობებისა, უარი განაცხადა (ეს ეპიზოდი აღწერილია ასაკის ძალაში). მომავალ წელს სიმონა რუანში გადადის სამუშაოდ და ამგვარად შედარებით უახლოვდება სარტრს. აქ იგი გაიცნობს კოლეტა ოდრის, რომელიც იმავე ლიცეუმში ასწავლიდა. სიმონა დაუახლოვდა რამდენიმე თავის მოსწავლეს, მათ შორის ოლგა კოზაკიევიჩსა და ბიანკა ლამბლენს, რომელთანაც ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. იგი ასევე დაუახლოვდა ოლგას მომავალ მეუღლესა და სარტრის მოსწავლეს, ჟაკ-ლორან ბოსტს, რომელიც მისი ერთ-ერთი “შემთხვევითი სიყვარული” აღმოჩნდა. ამავე პერიოდში ოლგა სარტრის საყვარელი გახდა. საერთო ჯამში სარტრსა და სიმონას შორის არსებული “შეთანხმება” არ ზღუდავდა მათ “შემთხვევითი” ურთიერთობებისგან. მეგობართა ეს წრე, რომელსაც ხშირად “პატარა ოჯახს” ეძახდნენ, ცალკეული კონფლიქტების მიუხედავად, მყარი მეგობრობით გამოირჩეოდა, რაც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სარტრისა და ბოვუარის წყვილი პარიზში გადავიდა. ბოვუარის პირველი რომანის, სპირიტუალურის პირველობის გამოცემაზე უარი განაცხადა გალიმარმა და გრასემ. 1943 წელს გამოიცა სტუმარი, სადაც ავტორი წარმოსახულ პერსონაჟებს მიღმა მისი, სარტრისა და ოლგას ურთიერთობას აღწერს, თან განავითარებს ფილოსოფიურ შეხედულებას ცნობიერებებსა და სიახლოვის შესაძლებლობებს შორის ბრძოლის შესახებ. ნაწარმოებს დიდი წარმატება ხვდა წილად.

შეხვედრა კუბაში, 1960 წ. სიმონა დე ბოვუარს, ჟან-პოლ სარტრსა და ჩე გევარას შორის.

სარტრთან, რეიმონ არონთან, მიშელ ლეირისთან, მორის მერლო-პონტისთან, ბორის ვიანთან და კიდევ რამდენიმე მემარცხენე ინტელექტუალთან ერთად ბოვუარმა დააარსა გაზეთი Les temps modernes, რომლის მიზანი იყო თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით გაევრცელებინა ეგზისტენციალიზმის თეორია.

ბოვუარმა ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, სადაც გაიცნო ფიდელ კასტრო, ჩე გევარა, მაო ძედუნი და სხვა ცნობილი კომუნისტი მოღვაწეები. აშშ-ში მას რომანი ჰქონდა ამერიკელ მწერალთან, ნელსონ ალგრენთან, რომელსაც 300-ზე მეტი წერილი მიწერა.

1949 წელს სიმონა დე ბოვუარს დიდი წარმატება მოუტანა მეორე სქესის გამოქვეყნებამ. წიგნი 22 000 ეგზემპლარად გაიყიდა პირველივე კვირაში. ნაწარმოები იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ ვატიკანმა გაკიცხა კიდეც. თანამეროვე საზოგადოებაში ქალის დაჩაგრული მდგომარეობის აღწერით ბოვუარი გახდა ფემინიზმის მთავარი ფიგურა. ქალის მდგომარეობის მისეულმა ანალიზმა, რომელიც მითების, ცივილიზაციების, რელიგიების, ანატომიისა თუ ტრადიციების საფუძველზე კეთდებოდა, ბევრში აღშფოთება გამოიწვია. ყველაზე დიდი სკანდალი მოყვა დედობისა და აბორტის შესახებ მისეულ მსჯელობას. ქორწინება კი ბოვუარს მიაჩნდა საზიზღარ ბურჟუაზიულ ინსტიტუტად, რომელიც ქალს ქმრის დომინაციის ქვეშ აყენებს.

1954 წელს მან გონკურის პრემია მიიღო “მანდარინებისთვის”, სადაც მსოფიო ომის შემდგომი პერიოდის ფონზე, წარმოსახული პერსონაჟების მიღმა ავტორისა და ნელსონ ალგრენის ურთიერთობაა წარმოდგენილი. ალგენი ვრ ურიგდებდა ბოვუარის ურთიერთობას სარტრთან, ქალს კი არ სურდა ამ ურთიერთობის გაწყვეტა, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

1964 წელს ბოვუარმა გამოაქვეყნა ტკბილი სიკვდილი, სადაც დედამისის გარდაცვალებას აღწერს. სარტრის აზრით ეს მისი საუკეთესო ნამუშევარია. ავტორი ეხება ისეთ თემებს, როგორცაა ევთანაზია და ა.შ. ამ ტრაგიკულ წუთებში მას მხარში ედგა ახალგაზრდა სტუდენტი და ფილოსოფოსი, სილვია ლე ბონი. ბუნდოვანია თუ რა ურთერთობა აკავშირებდა ამ ორ ქალს: დედა-შვილური, მეგობრული თუ სასიყვარულო. საბოლოოდ სილვია მისი შვილობილი და მთელი მისი ლიტერატურული და მატერიალური ქონების მემკვიდრე გახდა.

ბოვუარმა დიდი როლი ითამაშა ქალებისთის აბორტის უფლების აღიარებაში. მასვე ეკუთვნის 343-ის მანიფესტი.

1980 წელს სარტრის გარდაცვალების შემდეგ მან გამოაქვეყნა დამშვიდობებათა ცერემონია სადაც დეტალურად აღწერა თავის კომპანიონის უკანასკნელი ორი წელიწადი.

სიმონა დე ბოვუარი გარდაიცვალა 1986 წელს, პარიზში. დაკრძალვა ისეთივე გრანდიოზული იყო, როგორც სარტრის, განსაკუთრებული პატივი მიაგეს მთელი მსოფლიოს ქალებმა. იგი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში, ჟან-პოლ სარტრის გვერდით. დაკრძალვისას სიმონა დე ბოვუარს თითზე ნელსონ ალგრენის ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა.

“სიმონა დე ბოვუარი, როგორც ეგზისტენციალიზმის მხურვალე დამცველი მთელი თავსი ცხოვრებისა და შემოქმედების მანძილზე ცდილობს ცხოვრების აზრის პოვნას აბსურდულ სამყაროში, რომელშიც ადამიანი საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად დაიბადა.

მეორე სქესში იგი ამტკიცებს: ქალად არ იბადებიან, ქალად ხდებიან. ქალთა უფლებების დამცველ და ფემინიზმის იდეებისთვის მებრძოლ ბოვუარს ბევრი კიცხავდა კიდეც,მათ შორის ფრანსუა მორიაკი.”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s