სიგრიდ უნსეტი

Sigrid Undset

სიგრიდ უნსეტი დაიბადა 1882 წლის 20 მაისს,დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე ცნობილი ნორვეგიელი არქეოლოგის ინგვალ უნსეტის ოჯახში დაიბადა. ინგვალი ნორვეგიაში მოწინავე სპეციალისტად მიიჩნეოდა რკინის ხანის ისტორიაში, იყო ნიჭიერი მწერალიც. დედა შარლოტა გიუტ–უნსეტი დანიელი ქალი გახლდათ. სიგრიდი ორი წლის რომ იყო ოჯახი ნორვეგიაში გადავიდა. მომავალი მწერლის ბავშვობამ და სიყმაწვილემ ქრისტიანიაში გაიარა. სიგრიდი თავს ნამდვილ ნორვეგიელად მიიჩნევდა, ადრეული ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა ინტერესს ნორვეგიული ზღაპრებისა და გადმოცემებისადმი. მის აღზრდაში დიდი წვლილი მამამისმა შეიტანა. ნორჩი სიგრიდი ხშირად სტუმრობდა ინგვალს ისტორიულ მუზეუმში, ეცნობოდა ექსპონატებს. ბავშვობის ბედნიერი წლების მოგონებებზე სიგრიდმა მოგვიანებით ავტობიოგრაფიული რომანიც კი დაწერა სახელწოდებით “თერთმეტი წელი”. 1893 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ინგვალ უნსეტი გარდაიცვალა, რამაც ოჯახის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. დაქვრივებულ შარლოტას სამი შვილის რჩენა მწირი პენსიით უწევდა.

სიგრიდის ოცნება იყო ლიტერატურასა და ხელოვნებაში მიეღო განათლება, სურდა, მხატვარი გამხდარიყო. სიყმაწვილისას არაერთხელ უნახავთ ძველი ოსლოს ქუჩებში ფუნჯითა და ფურცლებით ხელში. შემორჩენილია რამდენიმე ჩანახატი. ამის მიუხედავად, მას კომერციული სასწავლებლის კარის შეხსნა მოუწია, სადაც მდივნებს ამზადებდნენ. ათზე მეტი წლის განმავლობაში (1898-1908) “ელექტროობის საყოველთაო კომპანიის” განყოფილებაში კლერკად მუშაობდა და მისი მწერლური იდეალებისათვის ფრიად უცხო სამუშაოთი იყო დაკავებული. სიგრიდს სამსახური არ მოსწონდა და სასოწარკვეთილებისგან თავდასაცავად ლექსების წერა დაიწყო. ცოტა ხანში შუა საუკენეების ნორვეგიის შესახებ რომანის დასაწერად გეგმის შედგენას მოკიდა ხელი. დედა მომავალ მწერალს მორალურ თანადგომას უწევდა. მისი რჩევით სიგრიდი ყველაფერს იწერდა, რასაც გრძნობდა და ხედავდა.

უნსეტის პირველ წიგნები მუშაკი ქალის სამსახურსა და ყოველდღიურობას მეტისმეტი სიზუსტით აღწერენ. ყოველდღიურობის თემატიკა ფართოდაა გაშლილი რომანში “ფრუ მარტა ოული” (1907) და ნოველათა კრებულში “ბედნიერი ასაკი” (1908). ამ წიგნებმა მწერალს პირველი წარმატება მოუტანეს.

პირველი წიგნების წარმატების შემდეგ სიგრიდ უნსეტს სახელმწიფო სტიპენდია დაენიშნა, რამაც საშუალება მისცა 1909 წელს მოსაბეზრებელი სამსახური მიეტოვებინა. იმავე წელს გამოდის მისი ისტორიული რომანი “საგა ვიგდისსა და ვიგა–ლჲოტზე”, სადაც ისტორიული სიზუსტით არის აღწერილი დაახლოებით 990–1000 წლებში მიმდინარე მოვლენები ისევ და ისევ ყოველდღიურობის კუთხით.

1910 წელს უნსეტი რომს მიემგზავრება. დაბრუნებული ლექსთა კრებულ “სიყრმეს” და რომან “იენის” გამოსცემს, რასაც უდიდესი წარმატება და მკითხველი საზოგადოების ყურადღება მოჰყვება. რომანი მხატვარ ქალს – იენის ეხება და სექსუალური სცენებიც საკმაოდ თამამად არის გადმოცემული. სწორედ ამ ასპექტმა გამოიწვია არაერთი მითქმა–მოთქმა კრიტიკოსთა შორის.

1912 წელს სიგრიდი მხატვარ ანდრეს სვარტადს მიჰყვება ცოლად. 1913 წელს პირველი ვაჟი – ანდრე კასტუსი ჩნდება, შემდეგ ჰანს ბენედიქტი, ბოლოს კი ქალიშვილი მარენ შარლოტა. ამის მიუხედავად, მწერალი ქალი მუხლჩაუხრელად შრომობს პროზის ასპარეზზე. სწორედ 1913 წელს გამოდის მოთხრობათა კრებული “დაჩაგრულნი”, ერთი წლის თავზე კი დიდი რომანი “გაზაფხული” იბეჭდება, რომელიც ქალის სულის სირთულესა და ყოფის სიმძიმეზე მოგვითხრობს. ამავე პათოსით არის დაწერილი ნოველათა კრებული “ტროლის სარკის ნამსხვრევები”, “ბრძენი ქალწულნი” და ლექსების კრებული “გაზაფხულის ღრუბლები”.

უნსეტის ადრეული პერიოდის ნაწარმოებთა გმირები ქალაქის შეუმჩნეველი, დაჩაგრული მუშაკებია. უნსეტი ცდილობს ისეთი ძლიერი ქალის პორტრეტი შექმნას, რომელსაც მედგარი სიყვარულისა და ბრძოლისუნარიანობის ძალა შესწევს. ქალისა, რომელიც ჩაკირულ და დამყაყებულ მანკიერ ტრადიციებს აღუდგება წინ და თავისას მაინც გაიტანს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s