გიორგი ლეონიძე

 გიორგი ლეონიძე

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს,სოფელ პატარძეულში.მისი მამა ნიკო ლეონიძე იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი.დამთავრებული  ჰქონდა გორის სემინარია.გიორგის დედა – სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო.

ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. გიორგის მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედამისს დააწვა მხრებზე.

1907 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს “გვირგვინი” და “ფანდური”, რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი “საფირონი”.

პირველი ლექსი „მცხეთა“ ყრმობის ჟამს გამოაქვეყნა. ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლეონიძის ლექსებში, წერილში „ოსკარ უალდი“ და სხვა აშკარად გამოჩნდა პოეტის მოდერნისტული განწყობილებანი. 1918 წელს იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“, რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა. ეს წლები ერთგვარი „ოსტატობის სკოლა“ გამოდგა ახალგაზრდა პოეტისათვის, რომელიც გარკვეული ხარკი მიუზღო სიმბოლიზმს . 1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა. 1921 წელს ლეონიძემ ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲიუციის პოეტები“. 1922-1923 წლებში იგი „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“ რედაქტორობდა. ლეონიძე მაინც შორს იყო ორთოდოქსული სიმბოლიზმისაგან. შემდგომ პოეტის ღრმა პატრიოტულმა განწყობილებამ და ქართველ კლასიკოსთა ძლიერმა ზეგავლენამ ჩამოაშორა ესთეტიზმს.

ლეონიძე თვითმყოფი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა  იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.

პოეტი გამოეხმაურა მეორე მსოფლიო ომს შემდეგი ლექსებით: „მხედარი პირტახია“,  „შინმოუსვლელო, სადა ხარ?“, „არ დაიდარდო, დედაო“, და სხვა.

ლეონიძის ლირიკულ-ეპიკურ პოემებში „სამგორი“ და „ფორთოხალა“ ( სსრკ სახელმწიფო პრემია) თანამედროვეობის, „ახალი ქართლის“ თემა გადაწყვეტილი ისტორიის თემასთან თავისებურ მიმართებაში. „ფორთოხალა“ ისტორიის შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლეონიძეს ეკუთვნის აგრეთვე პოემები „ბავშვობა და ყრმობა“ (სტალინური პრემია) „ბერშოულა“ , „რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი“  და სხვა. 60-იანი წლების ზღურბლიდან შეიმჩნევა ლეონიძის პოეზიის ახალი აღორძინება.

ლეონიძის მოთხრობების წიგნმა „ნატვრის ხემ“ (1962, იმავე სახელწოდების ფილმი – 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.

ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ძველიხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. მისი დაარსებულია ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, აგრეთვე ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s